აჭარის ფაუნის რეესტრი
 

პროექტის შესახებ

 

აჭარის ფაუნის რეესტრი შედგენილია თანამედროვე ტაქსონომიური კრებსების გამოყენებით. ნაშრომში გათვალისწინებულია ყველა ტაქსონომიური ერთეული, რომლის გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ სახეობის ადგილის განსაზღვრა სისტემატიკაში.

რეესტრი შედგება ტაქსონომიური ნაწილისაგან, რომელშიც გაერთიანებულია  ტიპი, კლასი, რიგი, ოჯახი და სახეობა, მაგრამ არ არის გამოყოფილი გვარი, რადგან იგი სახეობის სახელწოდების პირველი ნაწილია. ყველა ტაქსონს ახლავს მისი აღმწერი ავტორის გვარი (ზოგ შემთხვევაში ინიციალებიც - თუ ამ გვარით ცნობილია რამდენიმე მკვლევარი-სისტემატიკოსი) და აღწერის წელიწადი. უმრავლეს სახეობას ერთვის ის სინონიმები, რომლებიც გვხვდება სამეცნიერო ლიტერატურაში საქართველოს ფაუნის შესახებ. 

რეესტრის დანარჩენი ნაწილებია: გავრცელება - მუნიციპალიტეტის დასახელება და წერტილები, სადაც აღირიცხა სახეობა (წერტილის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულია მხოლოდ მუნიციპალიტეტი, თუ ამგვარი დასახელებაც არ არსებობს, მაშინ მითითებულია მხოლოდ აჭარა. ამასთან ზოგიერთი ტოპონიმი, მაგალითად, მდ. აჭარისწყალი და შავი ზღვა, მეორდება მუნიციპალიტეტების მიხედვით; ზოგიერთი, მაგალითად, შავშეთის ქედი,  გამოყოფილია ცალკე); ადგილსამყოფელი - აღნიშნულია ბიოტოპები, სადაც ეს სახეობა არის აღრიცხული. მთელ მსოფლიოში განსახლებული ანუ კოსმოპოლიტი სახეობების (ოთახის ბუზი, სახლის თაგვი, რუხი ვირთაგვა და სხვა) გავრცელების წერტილები ჩამოთვლილია მხოლოდ გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით; თავშესაფარი ან მასპინძელი (პარაზიტიზმის შემთხვევაში), არსებობის სტატუსი (ფრინველების შემთხვევაში); ინფორმაციის წყარო - სადაც მოყვანილია გამოყენებული ლიტერატურის, კოლექციის ან საიტის დასახელება, გამოუქვეყნებელი მონაცემების შემთხვევაში -  ინფორმატორის გვარი; და შენიშვნა დამატებითი განმარტებებისთვის. ზოგიერთი ტაქსონის ქართული სახელწოდება აღნიშნულია პირველად. ადგილსამყოფლების დასახელება უნიფიცირებულია შეძლებისდაგვარად, რადგან ლიტერატურაში ხშირად ერთი და იგივე ბიოტოპი სხვადასხვანაირად მოიხსენიება.