აჭარის ფაუნის რეესტრი
 

მთავარი

მსოფლიო ბიომრავალფეროვნების 34 `ცხელი წერტილიდან~ (Hotspots) ერთ-ერთი კავკასიის რეგიონია. ცხადია, ეს ეხება საქართველოსაც, რომელიც, როგორც მრავალი ენდემური, იშვიათი და სხვაგან გადაშენებული სახეობის რეზერვატი, თავისი ბიომრავალფეროვნებით უმდიდრესია არა მარტო კავკასიაში, არამედ ევროპაშიც. რაც შეეხება აჭარას, იგი ამ მხრივ ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონად ითვლება მთელ კავკასიაში. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა მიუხედავად, დღემდე არ არსებობს საქართველოს რეგიონების, მათ შორის, აჭარის, ფაუნის რეესტრი - მნიშვნელოვანი სამეცნიერო-გამოყენებითი დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე, სამშენებლო და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას, ხელს შეუწყობს `საქართველოს ცხოველთა დაცვის შესახებ~ კანონის მოქმედებას. რეესტრის ანალიზი იძლევა ე.წ. თეთრი ლაქების გამოვლენის საშუალებას. ეს კი მეცნიერებს ეხმარება სამომავლო კვლევების დაგეგმვაში, რისი აქტუალურობაც ცხადი გახდა მუშაობის პროცესში. სახელდობრ, აღმოჩნდა ცხოველთა სრულიად შეუსწავლელი ჯგუფები, აგრეთვე არადამაკმაყოფილებლად და უბრალოდ ცუდად გამოკვლეული რეგიონები. მიღებული შედეგების თანახმად, შედარებით კარგადაა შესწავლილი ზღვისპირა აჭარა, სამაგიეროდ, თითქმის შეუსწავლელია შიდა აჭარა, რასაც შემდეგი ციფრებიც ადასტურებს: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ცნობილია ცხოველთა  3097 სახეობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან - 2567, ხულოს მუნიციპალიტეტიდან - 972, ქედის მუნიციპალიტეტიდან - 640, შუახევის მუნიციპალიტეტიდან - 624.

აჭარის ფაუნის რეესტრის შედგენის პროცესში სამეცნიერო ლიტერატურისა და დღემდე გამოუქვეყნებელი მასალების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ აჭარის ტერიტორიაზე აღრიცხულია:

  • ღრუბელებისა და ნაწლავღრუიანების 14 სახეობა;
  • ბრტყელი ჭიების 85 სახეობა;
  • ციბრუტელა ჭიების 18 სახეობა;
  • გველაძუების 1 სახეობა;
  • მრგვალი ჭიების 267 სახეობა;
  • რგოლიანი ჭიების 120 სახეობა;
  • თავეკლიანი ჭიების 5 სახეობა;
  • ლოფოფორების 1 სახეობა;
  • ქტენოგნატების ანუ ხაოყბიანების 2 სახეობა;
  • წყლისა და ხმელეთის მოლუსკების 215 სახეობა;
  • კანეკლიანების 2 სახეობა;
  • ფეხსახსრიანების 3298 სახეობა, მათ შორის:

- კიბოსნაირების 134 სახეობა;

- ობობასნაირების (ტკიპები, ობობები, ცრუმორიელები, მორიელები, სოლფუგები) 649 სახეობა;

- კუდფეხიანების 2 სახეობა;

- მრავალფეხების 33 სახეობა;

- მწერების 2480 სახეობა, რომელთა ნაწილი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერიოზული მავნებელია;

  • ქორდიანების 599 სახეობა, მათ შორის:

- გარსიანების 3 სახეობა;

- თევზების 153 სახეობა;

- ამფიბიების 10 სახეობა;    

- რეპტილიების 24 სახეობა;

- ფრინველების 337 სახეობა;

- ძუძუმწოვრების 72 სახეობა.

ამრიგად, დღემდე არსებული მონაცემების თანახმად, აჭარის ფაუნის მრავალფეროვნება წარმოდგენილია 4627 სახეობით. მათგან 4028 განეკუთვნება უხერხემლოებს (15 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში), ხოლო 599 - ქორდიანებს (66 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში).